უკან დაბრუნება

პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი

16 აპრილი 2019

ჩვენ აქ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ ერთ ამბავს გიყვებით...

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარი სოციალური ქსელების მთავარ განსახილველ თემად იქცა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხდარის გამო ადამიანები გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამდნენ; იმავდროულად ბევრს არ სჯერა, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლი, როგორიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია, XXI საუკუნეში შეიძლება შემთხვევით დაიწვას. თუმცა, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაკვირვების ობიექტებად შეიძლება სოციალური ქსელის რუსი მომხმარებლები მივიჩნიოთ. მათი დიდი ნაწილიც, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების კვალდაკვალ მწუხარებას გამოთქვამდა მომხდარის გამო, თუმცა იქვე მრავლად გამოჩდნენ მომხმარებლები, რომელნიც ერთი შეხედვით დაუჯერებელი შინაარსის კომენტარებს წერდნენ.

სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლების გარკვეული ნაწილი წერდა, რომ ეს ნიშანია ევროპისთვის, რომ ისინი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე უნდა მოექცნენ. კარგია, არა? ბევრმა კი უმალ გაიშვირა ხელი მუსლიმი ემიგრანტებისკენ. ევროპული კულტურის დაისზე დაიწყო საუბარი. ითქვა, რომ ევროპა ქრისტიანული საზოგადოება აღარაა და ის მუსლიმებმა წალეკეს. იქვე გაჩნდა ახალი ახალი კონსპირაციული თეორია, რომ ნოტრ დამის ადგილზე მუსლიმებს მეჩეთის აშენება სურთ. სხვათა შორის პორტალ change.org-ზეც გაჩნდა პეტიცია, რომლის ავტორები ტაძრის მეჩეთის სახით აღდგენას ითხოვენ. ახლა ძნელი სათქმელია, ეს ბოროტი ხუმრობაა, მიზანმიმართული პროვოკაცია, რუსეთის გაკეთებულია, თუ უბრალო ფრანგი პრანკერის, მაგრამ ამ ყველაფერმა ერთი რუსული ნაწარმოები გამახსენა.

2005 წელს რუსეთში ელენა ჩუდონივას ავტორობით გამოვიდა ნოველა „პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი“ (Мечеть Парижской Богоматери 2048), რომელიც ქვეყნის მასშტაბით მალევე ბესთსელერად იქცა. დისტოპიური ჟანრის ნაწარმოების სიუჟეტი 2048 წელს ვითარდება. ევროპაში პოლიტიკური ძალაუფლება მუსლიმი მიგრანტებს აქვთ აღებული, ყველა ფრანგი ვალდებულია ისლამი მიიღოს, ვინც სარწმუნოებაზე უარს არ ამბობს მუსლიმებს გეტოში ყავთ გამოკეტილი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კი ალ-ფრანკონის მეჩეთადაა ქცეული.

პრინციპში, ლიტერატურა თავისუფალი ხელოვნებაა და ყველას აქვს უფლება ის წეროს რაც უნდა. თუმცა საინტერესოა, რომ დასავლეთში ნაწარმოებს ნეგატიური შეფასება მოყვა. ავტორს ქსენოფობიასა და ისლამის ზერელე ცოდნაში ადანანაშაულებენ. თავად ავტორი კი აცხადებდა, რომ ის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვერასოდეს დააყენებდა ისლამსა და ქრისტიანას ერთ სიმაღლეზე. იმის პარალელურად, რომ „პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი“ დასავლეთის ლიტერატურულ წრეებში არ მიიღეს, რუსეთში გამოსვლისთანავე ბასტკონის ლიტერატურული პრემიის ლაურიატი გახდა. რია ნოვოსტიმ კი დაწერა, რომ ეს იყო რუსი ავტორის პირველი მცდელობა მხატვრულ ლიტერატურაში რელიგიური უფლებების საკითხი წამოეჭრა.

2005 წელს მსოფლიო რუსულ პროპაგანდასა და პუტინის რეჟიმს საშიშად არ აღიქვამდა. თუმცა ცხადია, რომ ჩუდინოვას ნაწარმოები ლიტერატურულზე მეტად პროპაგანდისტული პროდუქტი იყო. ევროსკეპტიკური და ანტი-ევროპული პროპაგანდის გავრცელება რუსეთში გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამას თავად ევროპელები შენიშნავდნენ. ნაწარმოებში მოცემული ნარატივები რუსულ ცნობიერებაში დღეს უკვე ღრმადაა ფესვგამდგარი. რუსული საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ევროპული ცივილიზაცია მალე დასამარდება და მის ადგილს მუსლიმი მიგრანტები დაიკავებენ. რუსეთი კი ამ მოცემულობაში მსოფლიოს მასშტაბით ჭეშმარიტი სარწმუნებობის ერთადერთი დამცველად რჩება.

ზუსტად იმ დროს, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვოდა, იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთიც ცეცხლის ალში იყო გახვეული...

 

დავით ბრაგვაძე,

სპეციალურად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის

გაზიარება