ჩვენი ნარატივი

მთავარ გვერდზე დაბრუნება

#ძალაჩვენშია 

გაწევრიანდი „ლეგიონში“ და  დაიცავი საქართველო საინფორმაციო ომში!

დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება შენი დახმარება. დღეს საქართველო ომშია და მებრძოლებს ითხოვს. დღევანდელი ომი შეიძლება ყველაზე საშიშიც იყოს, რადგან ის ფარული ომია — ბრძოლა სინდისის წინააღმდეგ, ბრძოლა გონების წინააღმდეგ, ბრძოლა ისტორიის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა შენი მომავლის წინააღმდეგ, შენი შვილების წინააღმდეგ.

მაშინ,როდესაც ქართულ მიწაზე 22, 000 ოკუპანტი ჯარისკაცი დგას, როდესაც ქართული მიწის მეხუთედი ოკუპირებულია, როდესაც ასობით ათასი ქართველი განდევნილია მშობლიური მიწიდან, როდესაც ადამიანებს საკუთარი ეზოებიდან იტაცებენ, როდესაც წინაპრის საფლავზე და სალოცავზე გასვლა ბევრი ქართველისთვის სანატრელი ანდაც დასჯადია, თავისივე ქცევით დამარცხებულ რუსეთს ისღა დარჩენია სიცრუით, სიყალბითა და ფსიქოლოგიური მანიპულაციებით მოიგოს ქართველების გონება. 

რუსეთი დღეს ენერგიულად და ვერაგულად იყენებს სიცრუის აგენტებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და მის ინტერესებს შიგნიდან ხრავენ. მათი უმთავრესი მიზანია შეარყიონ ის სვეტები, რომელსაც თანამედროვე საქართველო ემყარება. მათი მიზანია ეტაპობრივად მოიცვან ჩვენი გონებები შიშის, უიმედობის და სასოწარკვეთის პოლიტიკით, შემდეგ კი მსხვერპლს სტაბილურობის აკვნად კვლავ რუსეთი შესთავაზონ.

რას გვეუბნებიან...

სიყალბის სინამდვილედ გასაღებით, ავტოკრატიული რუსეთის სიკეთედ წარმოჩენით, ქართველთა შორის მორჩილებისა და შიშის მენტალობის ნელი გამყარებით, ისინი ცდილობენ ქართველთა გონზე ხელახლა გამეფებას, ქართველთა შიშების აბუჩად აგდებას, ქართველთა ტკივილის სათავისოდ გამოყენებას, ჩვენი ძლივს მოპოვებული დამოუკიდებლობის დასამარებას.

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთი „ისტორიული ძმაა“.  რუსეთი, რომელმაც ორჯერ გააუქმა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, დაიწყო ენისა და კულტურის რუსიფიკაცია, სიკვდილით დასაჯა, აწამა და გადაასახლა ასობით ათასი ქართველი.

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთი „ერთმორწმუნე ძმაა“. რუსეთი, რომელმაც მოსპო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, დახვრიტა და გადაასახლა ქართველი მღვდელმსახურები; რუსეთი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში მიითვისა და გაარუსულა ქართული ტაძრები; რუსეთი, რომელმაც გადაღება ქართული ხატები; რუსეთი, რომლის იმპერიული ჯარისკაცებიც უდანაშაულო ქართველებს, ჩეჩნებს, უკრაინელებს ხოცავენ.

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთი „ტრადიციული ოჯახისა და ქრისტიანული მორალის მცველია“. რუსეთი, სადაც მხოლოდ 7% ცხოვრობს რელიგიურად, სადაც ოჯახების 24% ღალატის ნიადაგზე ინგრევა და სადაც მამაკაცთა 25% ალკოჰოლიზმს ეწირება. რუსეთი ერთერთია იმ სამი ქვეყნიდან მთელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც ოჯახურ ძალადობაზე კანონიც კი არ არსებობს.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ რუსეთი ძლიერი და განვითარებულია, მაშინ როცა მისი 85 რეგიონიდან მხოლოდ 10-ს  შეუძლია თავის შენახვა, მისი ზღვები წლის უმეტესი დროის განმავლობაში გაყინულია,  მისი ეკონომიკა და პოლიტიკა კი მწავე კრიზისში. 1991 წლის შემდეგ, რუსეთი 10-მა მილიონმა რუსმა ემიგრანტმა დატოვა.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ რუსეთთან „უკეთესად ვიქნებით“. რუსეთთან, სადაც ადამიანის სიცოცხლე და უფლებები მართლაც რომ „კაპიკად“ ფასობს, სადაც ბოლო წლებში 60-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს, სადაც ზოგ ოლქში ამომრჩეველთა 145% (!) ცხადდება, ქვეყანასთან, რომელიც კორუფციის ინდექსში 131-ე ადგილს იკავებს, პრეზიდენტის დაბადების დღეზე კი აქციებზე 260 ადამიანს აკავებენ.

დღეს ჩვენ გვარწმუნებენ, რომ რუსეთი „მშვიდობის მტრედი” და „საქართველოს მეგობარია“.  რუსეთი, რომლის ისტორიული დემოგრაფიული პოლიტიკა შეგნებულად იყო მიმართული კავკასიაში სხვადასხვა ეთნოსების დაპირისპირებაზე; რუსეთი, რომელმაც ათასობით ქართველს შეუცვალა ეთნიკური სტატუსი, შემდეგ კი ცენტრალურ აზიაში გადაასახლა; რუსეთი, რომელიც იმპერიის და საბჭოთა პერიოდებში თანმიმდევრულად ახალისებდა ეთნიკურ კონფლიქტებს; რუსეთი, რომელმაც მიითვისა სოჭი, თურქეთს გადასცა ისტორიული ქართული მიწები, თვითონ კი „მშვიდობისმყოფელთა“ მანტიაში გახვეული ახალ დამპყრობლად მოგვევლინა.

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ „რუსეთთან საუბარი“ კონფლიქტების მოგვარების წინაპირობაა. რუსეთთან, რომელთან მოლაპარაკება, ნეიტრალიტეტი, სამხედრო ბაზებზე დათანხმება და ათასგვარი „დაყვავება“ ამაოდ სცადა ამ ქყვენის ყველა ხელისუფლებამ და ყველა იმ მეზობელმა ქვეყანამ (მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი), რომელსაც საქართველოს მსგავსად ეთნიკური კონფლიქტები მოახვია თავს. რუსეთთან, რომელიც სეპარატისულ ომებს გვიჩაღებდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ ახლადფეხადგმულ სახელმწიფოს NATO-სთან თანამშრომლობის არანაირი სურვილიც კი არ ჰქონდა გამოხატული. რუსეთთან, ვისი ოფიციალური წარმომადგენელიც დღეს შემდეგს ამბობს: „ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ქართველ პარტნიორებს, მოერიდონ ილუზიებს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთან, რამენაირად შეასუსტებს ჩვენს თანამშრომლობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები სხვადასხვა სიბრტყეზე მდებარეობს.“

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი „იდენტობის დამცველია“ რუსეთი, რომლის დაფინანსებული ნეონაცისტური, ნეოფაშისტური რადიკალური ჯგუფები ევროპაში შიშისა და ეთნიკური სიძულვილის პოლიტიკას სთესენ, რომლებიც ცდილობენ რუსეთის მიმართ ერთადერთი მყარი ალიანსის - NATO-ს დაშლას, პრო-რუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანას,  რომლებიც ღიად ამართლებენ რუსეთის აგრესიას მეზობელი ხალხებისა და მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ხმას აძლევენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ გვარწმუნებენ, რომ NATO-ში საქართველოს სწრაფვა უსაფრთხოებისთვის ნიშნავს ჩვენი იდენტობის და დამოუკიდებლობის დასუსტებას. პროცესი, რომელმაც საქართველო სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს და პირველად ისტორიაში, ერთხელ და სამუდამოდ, დაამკვიდროს დაცულ ქვეყანათა რიგებში, მათ მიერ მზაკვრულად წარმოჩინდება როგორც „ანტიქართული“.

დღეს საქართველო ყველაზე საშიშ ბრძოლაშია, რადგან მტერი ეშმაკურად გვებრძვის. ეს არის ბრძოლა საღი აზრის წინააღმდეგ, ისტორიული სინამდვილის წინააღმდეგ, ქართული ინტერესების წინააღმდეგ.  ეს არის ბრძოლა სულების მოტაცების, გონების გადაგვარებისთვის.

რა გვსურს ჩვენ...

დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს შენ სჭირდები, როგორც თავისუფალი მოქალაქე. დღეს, როგორც არასდროს, სიმართლეს სჭირდები, როგორც მებრძოლი. რადგან ძალა არა სხვაგან, არამედ აქ და ჩვენშია.

ჩვენ, სამოქალაქო თავდაცვის ლეგიონი, ვაცხადებთ ჩვენს ძალას, რომელიც დემოკრატიის ძალაა — ყველა ქართველის ძალა, ვისაც სურს ერთად დავიცვათ სამშობლო მტრის მზაკვრობისგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალა საქართველოშია. ჩვენი შემართება უძლეველია, ძალა კი - აღმატებული.  ჩვენ გვწამს, რომ რა ძალაც დღეს ჩვენში არ არის, ის არსად არ არის.

ძალა ჩვენშია, მაგრამ ჩვენს ძალას სწორი წინაპირობა ესაჭიროება, სწორი საგარეო მოკავშირეები და ეროვნული გადაწყვეტილებები სჭირდება — სწორედ ის, რასაც დღეს, ამ ისტორიულ მომენტში, ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობები გვთავაზობს.

ჩვენს სურვილს, შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, სტაბილურობა და განვავითაროთ ყოველივე ქართული — სწორი არჩევანი, „მტრისა და მოყვრის“ გარჩევა, სანდო პარტნიორები ესაჭიროება, სწორედ ის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, რასაც NATO და ევროპა სთავაზობს თავის წევრებს და გვთავაზობს ჩვენც — ქართულ ოჯახებს და ქართველ ერს.

ჩვენ ვირჩევთ ევროპას, არამხოლოდ როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის მშობლიურ აკვანს, არამედ ასევე როგორც სასარგებლო სივრცეს; ჩვენ ვირჩევთ ევროპას, როგორც ისტორიული უსაფრთხოების სივრცეს; ჩვენ ვირჩევთ ევროპას, როგორც სტაბილურობის სივრცეს, რომელიც სრულიად აუცილებელია ყოველივე ქართულის გასავითარებლად.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საქართველო, როგორც მცირე, უნიკალური ერი, გადარჩება, გაძლიერდება და განვითარდება მხოლოდ იმ სივრცეში, სადაც დაცულები და განვითარებული არიან სხვა ევროპული მცირე ერები. 

დასავლეთი, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დღეს საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნების გზაზე ერთადერთ სტაბილური პარტნიორია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დასავლეთი, რომელიც საქართველოს სთავაზობს ეკონომიკური წინსვლის, პოლიტიკური გაძლიერებისა და მეტი უსაფრთხოების შანსს, აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მტრულ გარემოში მყოფმა ქართველებმა შევძლოთ ეროვნული განვითარება, ჩვენი თვითმყოფადობის, კულტურისა და ხელოვნების შენარჩუნება და დახვეწა.

მანამ, სანამ რუსეთი მზაკვრულად იკავებს ახალ-ახალ ქართულ მიწებს, ბლოკავს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს, რადგან მხოლოდ მას მოაქვს კეთილდღეობა ჩვენი ოჯახებისთვის.

მაგალითისათვის, 2017-2020 წლებში, ევროპული კავშირი საქართველოში  €453 მილიონს დახარჯავს. ეს თანხა ქართული სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, და ხალხზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას ხმარდება.

ევროკავშირი აფინანსებს ადამიანის უფლებების დაცულობას, მეტ დემოკრატიას და გამჭვირვალეობას ჩვენ ქვეყანაში. ევროკავშირი მხარს უჭერს პატიმართა უკეთეს ცხოვრებას. ევროკავშირი აფინანსებს სოციალურ მუშაკებს დაცული ქართველი ბავშვებისა და ოჯახებისთვის, კოოპერატივებს და გრანტებს ქართველი ფერმერებისთვის, უმაღლეს განათლებას ახალგაზრდებისთვის, მეცნიერებას და კვლევას პროფესორებისთვის და კრედიტებს და ინოვაციას ქართველი მეწარმეებისთვის. ევროპული ქვეყნები და ამერიკა აფინანსებს მოქალაქეზე ორიენტირებულ ქართულ პოლიციას, ჩვენი ჯარისკაცების ღირსეულ აღჭურვილობას და შეიარაღებას, ჩვენ ჯანდაცვას, ჩვენ მუზეუმებს და კულტურულ თვითმყოფადობას ღირსეული მომავალი თაობებისთვის.

ევროპული ოჯახისკენ ჩვენი სწრაფვა არის წარმატებული. ქართული პროდუქტი დღეს უკვე პოპულარულია დასავლურ ბაზარზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მდიდარი ბაზარია. დღეს ევროკავშირი უკვე საქართველოს ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორია. დგება დრო, როცა საქართველო უბრუნდება მშობლიურ ევროპას. დადგა დრო, როცა ქართული ასკილის წვენი ინგლისში იყიდება, ქართული რეჰანი და ოხრახუში ევროპის ბაზარს იპყრობს, ქართულ ჩირს ამერიკაში და ნიდერლანდებში აგემოვნებენ, ქართულ მატყლს კი ბრიტანელები ყიდულობენ. ევროპის დახმარებით უკვე შექმნილია 1500-ზე მეტი ფერმერთა კოოპერატივი. ქართველი გლეხი დღეს 30%-ით უფრო იაფად ქნის პროდუქტს და 20%-ით უფრო მეტს გამოიმუშავებს.

დგება დრო, როცა უძველესი და იშვიათად კარგი ქართული ღვინო, ქართველების საამაყო ბრენდი, უბრუნდება ევროპის წიაღს. 2017 წელს, ევროპულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული ღვინო გავიდა, ვიდრე ოდესმე - აშშ-ში 56%-ით მეტი, უკრაინაში 46%-ით, გერმანიაში 38%-ით,  ლატვიაში 20%-ით, ხოლო პოლონეთში 15%-ით მეტი. 2017 წელს 250-მდე ქართულმა კომპანიამ გაიტანა ქართული ღვინო.  

ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მეტი და მეტი ახალი ბაზრის აღებას, მეტ ევროპულ ინვესტიციებს, დასაქმებას და შემოსავალს ნიშნავს. დღეს სულ უფრო მეტი ქართული ბიზნესი იღებს დახმარებას ევროპული ბიუჯეტიდან, რათა მრავალი ქართველი დასაქმდეს გრძელვადიან, წარმატებულ წარმოებაში.

ჩვენ ვემხრობით ძლიერ ქართულ სოფელს და წელში გამართულ გლეხს, როგორც მომავლის საქართველოს ეკონომიკურ ბურჯს, ისეთ ძლიერ და მდიდარ სოფელს, როგორც სწორედ ევროპაშია.

ევროპა ზრუნავს ჩვენ კეთილდღეობაზე, რადგან ევროკავშირი აფინანსებს განათლებას, კვლევასა და მეცნიერებას. რეგიონში ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოდან სარგებლობის ევროკავშირის „ერასმუსის“ პროგრამით - ათობით ათასი სტუდენტი სასწავლებლად მიდის ევროპულ უნივერსიტეტებში, რაც საბჭოთა კავშირის დროს და რამდენიმე წლის წინაც კი სანატრელი იყო. დღეს 5300-ზე მეტ ახალგაზრდას შეუძლია ჩაერთოს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ევროპას მოაქვს უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

ევროკავშირის კვლევითი დახმარების პროექტები გულისხმობს ახლებურ შანსს, ქართული მეცნიერება დაუბრუნდეს თავის სიმაღლეებს, ისევე როგორც შესაძლებლობას საქართველოში ადგილზე იქმნებოდეს მაღალი ხარისხის ცოდნა, რითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით.

შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ 200 ათასამდე ჩვენა მოქალაქემ უკვე ისარგებლა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით, რაც ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს და ახალ თვალსაწიერს. ევროპის კარი უკვე ღიაა ჩვენთვის!

გარდა კეთილდღეობისა, ჩვენ ვემხრობით ევროპასა და NATO-ს, როგორც საქართველოს სამხედრო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აუცილებელ სივრცეებს.  ისტორიამ დაგვარწმუნდა, რომ დასავლეთი ქართული სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და გამტკიცების ერთადერთი გარანტორია. პირველად მრავალსაუკონოვან ქართულ ისტორიაში, ქაოტურ და რთულ რეგიონში მდებარე ჩვენს სამშობლოს ექმნება რეალური შანსი გაწევრდეს საერთო დასავლური უსაფრთხოების სივრცეში. ეს იქნება იმ ბრძოლის ლოგიკური დასასრული, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე აწარმოებდნენ ქართველი მეფეები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და პირველი რესპუბლიკის მმართველი კლასები.

საქართველო დიადი და ამაყი, მაგრამ მცირე ერია. თავისი შეზღუდული სამხედრო რესურსების გამო, იმ მტრულ სამეზობლოში, რომელშიც იმყოფება, საქართველოს არ დარჩენია სხვა გზა, გარდა დასავლეთთან ალიანსისა. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო - ვერაგი და ავის მსურველი მტრის წინააღმდეგ ქართველი პატრიოტები ერთიანდებოდნენ და ეძებდნენ სანდო, სამართლიან მოკავშირეს, რომელიც პატივს სცემდა ქართველთა სუვერენიტეტს და თავისუფლებას. დღეს ჩვენთვის ასეთი არჩევანი დასავლეთია!

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დასავლური დემოკრატია იცავს ქართველთა იდენტობას, კულტურულ თავისუფლებას და თვითგამოხატვას. ჩვენ ვემხრობით საქართველოს ადგილს ევროპაში, როგორც ქრისტიანულ რელიგიაზე აგებულ ცივილიზაციაში. ჩვენ, როგორც ძირითადად ქრისტიან ქართველებს, ნათლად გვაქვს გააზრებული, რომ ევროპული კავშირი ქრისტიანი დემოკრატების დიდი ღვაწლის შედეგად აგებული პროექტია. ამიტომ ის მშობლიური და ახლობელია. ქრისტიანობა არამარტო ევროპული ცივილიზაციის საფუძველი, არამედ კვლავაც ევროპის დომინანტური რელიგიაა. ევროკავშირის მოქალაქეთა 72% ქრისტიანია, საიდანაც 8% მართლმადიდებელია.

ევროკავშირის ოთხ წევრ ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიაა, ორში კი — მართლმადიდებლობაა. ევროკავშირი აქტიურად ეხმარება თავის წევრ ქვეყნებს კულტურისა და რელიგიიის შენარჩუნებაში. მაგალითად, რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ევროკავშირისგან 6 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება აქვს მიღებული და იმავე დროს, ბრიუსელში თავისი სპეციალურის წარმომადგენლობაც გააჩნია. ჩვენთვის ძვირფასია ევროპის ქრისტიანული წარსული და იდენტობა, რომელიც არამარტო იდენტობაა, არამედ თვით ის საფუძველი, რომელზეც ევროპული ისტორია, კულტურა და პოლიტიკური აზრია დამყარებული. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ადგილი სწორედ იქაა, სადაც ქრისტიანობამ ყველაზე დიდი კულტურული და პოლიტიკური კვალი დატოვა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და სადაც საუკეთესოდ იქნება დაცული ჩვენი ქრისტიანული კულტურა და ეკლესია.

 

დიახ, ჩვენ ვართ ქრისტიანები, მაგრამ ოდითგანვე საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის ეკონომიკური და გეოგრაფიული გზაჯვარედინი, სადაც ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდა მრავალი კულტურა, რელიგია და ეთნოსი.  ტოლერანტობა ჩვენი სავიზიტო ბარათი და ჩვენი საამაყო ისტორიის მონაპოვარია, რომლის განგებ დამახინჯებასაც გამალებით ცდილობს მტრული პროპაგანდა.

ჩვენ ვთვლით, რომ იყო ქართველი ნიშნავს იყო ევროპის წევრი —განსაკუთრებული, შენი იდენტობის მქონე წევრი. ჩვენ ვიცით, რომ ევროპა მრავალი განსხვავებული კულტურის საერთო ოჯახია. ფაქტი ჯიუტია, რომ ევროკავშირი იცავს თავისი 28 წევრის უნიკალურ კულტურას, ენას და იდენტობას; მაშასადამე, იცავს და დაიცავს ჩვენსასაც. სწორედ ევროპულმა ინსტიტუტებმა, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ, შექმნეს მცირე ერების და ეთნიკური ჯგუფების დაცვის უმაღლესი სტანდარტები და საერთაშორისო ხელშეკრულებები. ჩვენ ვისწრაფვით ევროპისკენ პირველ რიგში როგორც ქართველები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით. ჩვენ ვისწრაფვით ევროპისკენ, არამარტო როგორც ისტორიული სამშობლოსკენ, არამედ როგორც ჩვენი ქართულობის, თვითმყოფადობის და კულტურის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის უსაფრთხო სივრცისკენ. და ევროპა მზადაა მიგვიღოს სწორედ ასეთები და ამ მიზნით!

მაგრამ, ყველა ამ სიმართლეს აბუნდოვნებს ქართული წარმატებით დაშინებული მტრის იმპერიული სამკვდრო-სასიცოცხლო პროპაგანდა. მისი მიზანია აზრის, სინდისის, სიმართლისა და იმედის სრული გადაგვარება, რათა იმედის ყალბ საბურველში გახვეული ხელახლა დაეპატრონოს საქართველოს. მისი სიცრუის აგენტები ყოველდღე, ყოველწამს ვერაგულად ისწრაფვიან, რათა ტელევიზიის, გაზეთის ფურცლების, სოციალური მედიის და პირადი საუბრების გზით საქართველო მონურ წარსულში დააბრუნონ.   

დღეს, ისე როგორც არასდროს, ისტორია იქმნება ჩვენს თვალწინ. დღეს შენ ხარ ავტორი, რომელიც ქმნის ქართულ დროს. ვერდიქტიც შენია. ერთ მხარეს არის წინსვლის, წარმატების, განვითარების შესაძლებლობა, მეორე მხარეს კი - სტაგნაციის, უკანსვლის, წარუმატებლობის უფსკრული, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. გარანტია. ერთ მხარეს არის ქართველი ოჯახების და ერის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, თავისუფლება და იდენტობის დაცვა, მეორე მხარეს კი ომების, ეროვნული გადაშენების და უპერსპექტივობის საფრთხე. ერთ მხარეს არის ყოველივე ქართულის აყვავების შანსი, მეორე მხარეს კი ყოველივე ქართულის გადაგვარების გარანტია. დღეს, ისე როგორც არასდროს, შენ აკეთებ არჩევანს და ქმნი ისტორიას.

თუ შენც გრძნობ იგივეს, თუ შენც ხედავ იგივეს, თუ შენც გსურს შექმნა შენი წილი ისტორია, შენ ლეგიონერი ხარ, ერთ-ერთი ჩვენგანი, ჩართული ბრძოლაში სიმართლისთვის, სინდისისთვის, თავისუფლებისთვის — ათწლეულის ბრძოლაში ქართული მომავლისთვის. მაშინ, შემოგვიერთდი და გაავრცელე სიმართლე! შემოგვიერთდი და დაიცავი შენი და შენი ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და იდენტობა!

 

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი - infoarmy.ge